ბლინკენი თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა.

„ენტონი ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს. სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

„საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაეროს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. გაეროს რეზოლუციის და გადაწყვეტილების თანასპონსორები ვიყავით, ჰააგაში სისხლის სამართლის დანაშაულების სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა იქნეს გამოვლენილი, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ გამოვლენილიყო ეს დანაშაულები. ასე რომ, საქართველო არამხოლოდ მონაწილეობს, არამედ, პროცესის ინიციატორია. ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოგვისმენია აღიარება იმ წვლილის, რომელიც საქართველოს ამ პროცესში შეაქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია.

აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.