პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ვიზიტის მიზანი ფერმერებისგან იდეების მოსმენა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების გაწევაა.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების, ქალაქში ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც ასევე შესანიშნავი ბაღებია. იქაც ვსაუბრობდით, ბევრ რამეზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პირობებისა, რა პირობებში ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს. ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ფერმერებს იდეების გაზიარებისკენ მოუწოდა.
„სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი, მომეხმარეთ; ვაიმე, რა ვქნა; ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება, ტურისტი როდის ჩამოვა; სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება პირველ რიგში სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ ადამიანს, რა თმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ ის ჯერ თავის თავს მიეხმაროს და შემდეგ სხვებსაც. ვისაუბროთ საქმეზე. მითხარით რაღაც ისეთი, რაც შესაძლებელი იქნება, იმას გავაკეთებთ. ეგაა და ეგ. ლოკალურად თუ დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს ეკონომიკურად უფრო ძლიერად შევხვდეთ, ამისთვისაც შეგვიძლია, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ოღონდ ეფექტუირი, რაც რეალისტური იქნება და არა ის, რომ გამიუქმეთ გადასახადები. მარტივია ყველაფრის მოთხოვნა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც რისკის ქვეშ ვართ“,– განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალი ჰქონდეს.
„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი. მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ აქ არის იმის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ქცევის ამ წარმატებულ მოდელზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ეფექტური და შედეგიანი სამუშაო. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც ჩვენ უნდა დავხმარებოდით, მარტივი ახსნა ჰქონდა ამას. გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას, რაც ჰქონდა დაგეგმილი, იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.