რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის თანახმად, უკვე თავისუფალია და ჩვენებას აძლევს, სექტემბრის დასაწყისში, გალში გატაცებული ჯემალ სოსელია. დე ფაქტო უწყების თანახმად, მისი სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია, ჯემალ სოსელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებული დეტალები, დილით ვრცელდებოდა ორი არაოფიციალური ვერსია, ერთის თანახმად გატაცებული დე ფაქტო უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, მეორე ვერსიით, მან გამტაცებლებს თავი საკუთარი ძალით დააღწია.
7 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გალის მკვიდრის ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე.
გამოძიებას აწარმობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
დე ფაქტო შსს-ს ცნობით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, ნიღბიანმა, შავსამოსიანმა, შეიარაღებულმა პირებმა, BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი ჯემალ სოსელია გააჩერეს, რის შემდეგაც ისინი ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით.
დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უწყების თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალით აკავებდნენ სოსელიას, საოკუპაციო საზღვრისკენ გაემართნენ.
უწყებაში აცხადებდნენ, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს.
„დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ფეხით გაუყვნენ ტყისპირს სასაზღვრო მონაკვეთამდე“, - ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო უწყების ცნობით, გამოძიებას გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა აწარმოებდა, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად.
ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი სიტყვებით, 2015 წლის შემდეგ, ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.