25 მაისს, ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.
- თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
მხარეები NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობენ.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები, რომლებსაც უძღვებიან შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტენსტრომი და ფინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუკა სალოვაარი.
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს.
თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.