თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლთან კარი ჰენრიკსენთან შეხვედრა გამართა. 

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. აღნიშნულ კონტექსტში თეა ახვლედიანმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებს და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამლბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.