ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გადადგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა  და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა.

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.