მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პენიტენციურ სამსახურს დაევალა, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები შეუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად.
ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილება ადვოკატებმა არაერთ სხდომაზე მოითხოვეს. დღეს, 25 მაისის პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის საქმე უნდა განეხილათ, ადვოკატებმა ეს საკითხი ისევ დააყენეს.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ადგილზე მისულ ექსპერტებს ბრალდებულთან არ უშვებენ და აქამდე არც სასამართლოსგან ჰქონდათ პასუხი მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე. პროკურორის თქმით, ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
ცენტრ „ემპათიას" წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, მას და დანარჩენ ექსპერტებს საშუალება მისცენ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.