ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.
საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.
საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.