ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს.

„1918 წლის 26 მაისს აღსრულდა ყველა ქართველის ოცნება – ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რაც ახალი ერის დაბადების ტოლფას მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921), მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად და მომავალი განვითარების ორიენტირად რჩება. გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და მიზნები, რომლებისთვისაც დღეს ვიბრძვით, სწორედ 1918 წელს დაწყებული საქმის გაგრძელებაა.

დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის.

საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ იღებდნენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა სიყვარული და თავგანწირვა სამშობლოს მიმართ ჩვენთვის მასწავლებლად უნდა იქცეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან, ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად აკეთებენ ქართულ საქმეს და წარმატებული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, არჩევანი ისევ ჩვენზეა, რადგან ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემოქმედნი – და ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან.

დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას! მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში!

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“.


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.