კარლ ჰარცელი: ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება.

„მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მილოცვაში.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.