პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია წერილში.
მატეუშ მორავეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას.
პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.
„რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
- ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში
- ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს