ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წევრის ხელფასის დახარჯვას გაზაფხულზე, მწვავე საპროტესტო აქციებისთვის აპირებს

ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წევრის ხელფასის დახარჯვას გაზაფხულზე, მწვავე საპროტესტო აქციებისთვის აპირებს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, Facebook-ში განაცხადა.

მისი თქმით, ის პარლამენტის მიერ ჩარიცხულ ხელფასს საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებს და ამ ფულით შეიძენს უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს.

"კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია... ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ... მაგრამ ფაქტია, ირაკლის რამსები ერევა. ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად... ესეც ამ ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია.

პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, მე ხელფას არ ავიღებ, მაგრამ თუ მომიწევდა და სხვა მოცემულობაში ის ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოვიყენებდი, აუცილებლად ამ ფულით შევიძენდი ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!", - წერს ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა.

როგორც ცნობილი გახდა, ხელფასის ჩარიცხვაზე პარლამენტს სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ავთო ენუქიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ტარიელ ნაკაიძემ მიმართა.