საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული.
„ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“.
ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
„დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.