თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების დეპუტატები სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ფარგლებში, ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყოთ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რაც ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, - განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ფორმატში შესაძლებელი გახდება რეგიონის პრობლემების საკანონმდებლო დონეზე განხილვა, ასევე გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ქმედებების შეთანხმება. სამხარაძის თქმით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უკვე მრავალი წელია, ავითარებენ სამმხრივ ურთიერთობებს. 2009 წლიდან ქვეყნები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთობლივ მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებენ.