„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს. გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება;
- შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა;
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში;
- მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
- ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა;
დეპუტატების თქმით, ეს სია აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.