„დღევანდელი დღე არის „შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში. ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მოუსმინეს. ვაშაძის თქმით, ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 - პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის - "შეაყარე კედელს ცერცვი", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებით - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერს.
„როდესაც აცხადებთ, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ გაგვიჭირდება თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს, ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ის სია. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რაც ბრიუსელში თქვენი ჩასვლის დღეს მოხდა, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი.
საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ასე გექცევათ, გამოიყენეთ შეწყალების უფლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ამ დარბაზში მოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში ჩასვლისას თავზე ნაცარს იყრიდეს, რადგან მის ქვეყანაში დამოუკიდებელ მასმედიას დევნიან და თავად იყო წამახალისებელი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის და დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია და პირველ საკითხად არის შესული პრობლემების სიაში, რომელიც გადმოგვცეს, ამის ნაცვლად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისმა კოლეგამ ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს ჰკითხა, რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა არის, თუ არა იმის გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი“ არ არსებობს.
„ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება, ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა.
როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი არ არსებობს“. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ, აქ, 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით.
თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები შავი ხვრელი არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ,რომ იმ ადგილას წახვიდეთ. კითხვა მიემართება იმას, რომ სახელმწიფომ რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგა, გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, შესაბამისი კანონმდებლობა, მონიტორინგის სისტემა და ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს „შავ ხვრელად“? რუსეთის კეთილშობილების მტკიცებას იმედია, არ დაიწყებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ“, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას.
ღარიბაშვილის განცხადებით უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი.
„ჩვენ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი აღიარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რეალურად რა ხდება და რატომ არის ეს არაფრისგან გამოწვეული აჟიოტაჟი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა გამოსვლისას, არამხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შემდეგ თქვენ მოგმართავთ, ამ შემთხევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული პროტესტი, რომ ამის შემდეგ იგივეს აგრძელებთ?!
მინდა კიდევ ერთი შეგახსენოთ: ასეთი პიროვნებაა ერთი, თუ არ ვცდები, არესტოვიჩი, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, აქვე მოიყვანა მაგალითი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდა, დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთან. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან არავითარი რეაქცია და რეაგირება არ გამიგია. თქვენ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი ყველამ!? , - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერებს.