ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს: ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, მკაფიოდ თქვით

ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა Nieuwsuur-ს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს.

„მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ. 

კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია.