ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი.

რუსული მედიის ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს, „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა“ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.

შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.


2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.