ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში მიიღება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, უცვლელი რამ: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე.
„მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა.