„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.
მისივე თქმით, საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს.
„საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.
წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, 21 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი