საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო.
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კონფერენციაზე - „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. კარლ ჰარცელის მიმართვის ტექსტის თარგმანი ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ცხადია, რომ ევროპა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.
მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი - მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე - დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს!
მიუხედავად იმისა ეს სამუშაო სადგურიდან უკვე დაძრული მატარებლის დაწევა იქნება თუ იმაში დარწმუნება, რომ აღებული ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად.
მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა. თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს.
ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა.
ევროკავშირის გაფართოება არ არის კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის განწყობის საზომი. ეს არის ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნის მტიცე და შეუქცევადი წინსვლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების განხორციელების მონდომებისა და უნარის საზომი.
რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
საქართველოს ლიდერებს აქვთ ყველა მიზეზი იმისათვის, რომ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელთა გამოც თქვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთისპარტნიორობის ლიდერი ქვეყნის“ არაფორმალური საპატიო წოდება მიენიჭა.
პოლიტიკა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით გაფორმება და საქართველო-ევროკავშირს შორის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დამყარება - ეს არის მიღწევები, რომლებიც თქვენ მომავალშიც გამოგადგებათ.
ამავე დროს, საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო.
საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ევროკავშირის საზოგადოების რეაქცია გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და მათი შეკითხვები ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტენდენცია; 5 ივლისის ძალადობა და მისი შედეგები, რამაც გავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვაზე; ფაქტები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას; ფარული მოსმენების პრაქტიკა ადამიანის უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით; და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას.
მნიშვნელობა აქვს აღქმას, მნიშვნელობა აქვს ტენდენციებს და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში საუკეთესო აქტორის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი, რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილებაც კი აქვს.
ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი დახმარება მიიღეს.
ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობისა და კავშირების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში, გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევასა და თქვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში.
თუ გნებავთ, ეს ქმედებები საქართველოს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის საზომად ჩავთვალოთ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს კვირებში.
იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, უბრალოდ, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ!", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.