რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. 

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის.

ლავისთან საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც პირველ ივნისს აღინიშნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით.

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში შეხვედრის დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

იაირ ლაპიდთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. 
 
ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე. 
ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია. 

ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”, - აღნიშნავს იაირ ლაპიდი.

აღნიშნულ ორ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს.