ჩინეთმა Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთის „ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვაქცინა ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ შვილობილმა კომპანიამ „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფმა“ შექმნა.

ვაქცინის დეტალური ეფექტურობის მონაცემები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან დაინფიცირებისგან 79.34%-ით იცავს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინების საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების პროგრამა ივლისში დაიწყო, რომლის მიზანიც მედიკოსებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა იყო.

15 დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთში მინიმუმ სამი ტიპის ვაქცინის 4.5 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს. ორი მათგანი „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფის“, ერთი კი - Sinovac Biotech-ის მიერ არის შექმნილი.