საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება.
პრეზიდენტის განცხადებით, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება. სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც დღეს რეფერენდუმის სახით ახალი მუქარა ემატება, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ყოველი მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს, მჭიდროდ დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას მივესალმებით. ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება არის დამოკიდებული და ამ მშვიდობის დამყარებაზე დამოკიდებულია ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომელიც ამ რეგიონს ეხება და მას სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.