Reuters: პუტინის მრჩეველმა ვალენტინ იუმაშევმა თანამდებობა დატოვა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, ვალენტინ იუმაშევმა კრემლში 22 წლიანი საქმიანობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გამოცემა ამის შესახებ 2 წყაროზე დაყრდნობით წერს.

ვალენტინ იუმაშევი 1997-1998 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ელცინის შვილი ტატიანა მისი მეუღლეა.

ვალენტინ იუმაშევი, რომ ვლადიმერ პუტინის მრჩეველია, ამის შესახებ 2018 წელს გახდა ცნობილი. მაშინ პესკოვმა განაცხადა, რომ იუმაშევი ამ თანამდებობაზე 18 წლის წინ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში თანამდებობა დატოვა ელცინის ეპოქის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ანატოლი ჩუბაისმა. მან დატოვა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე ეკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოების მიზეზი უკრაინასთან ომი გახდა. ახლა ჩუბაისი საზღვარგარეთაა, რუსეთში კი მისი ანგარიშების შემოწმება დაიწყეს.