ბორის ჯონსონი: ვირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების მეტად გამკაცრებას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, მთავრობა იძულებული გახდა ინგლისის ზოგიერთ ნაწილში COVID-19-ის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ახალ წელს სახლში შეხვდნენ.

„რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. ვირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, 26 დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების მოქმედება გაფართოვდა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.