პოლიციელის მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
"თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შიდა სტაბილურობა. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში სულ უფრო მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს ცოტა სხვანაირად, მაგრამ გავიარეთ კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევის წინაშე, რაც ქვეყნის შიგნით გამოჩნდება, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის იმის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა გამოწვევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერად არის გავრცელებული.
მინდა, განსაკუთრებულად თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე თქვენ ხართ ის ერთ-ერთი ძლიერი ლოდი, რომელსაც ვაბიჯებთ და რომელიც გვაძლიერებს, გვაძლევს უფლებას, მოვითხოვოთ ჩვენი ადგილის დაკავება ევროპაში. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რომ წარმოადგინონ იქ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი. მინდა, ამისთვისაც დიდი მადლობა მოგახსენოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.