ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული.
„პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ: