თბილისი ენერჯის ცნობით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2022 წლის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება 25 თეთრით ძვირდება. კომპანიებისთვის ახლანდელი ტარიფი 1.10 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), პირველი ივლისიდან კი - 1.35 თეთრი გახდება (დღგ-ს ჩათვლით). თბილისი ენერჯი ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხება.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, თბილისი ენერჯი დღემდე ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა.
იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან თბილისი ენერჯისთვის კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება" - აცხადებს კომპანია.