შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოახდინოს კონტროლის ინსტიტუციონალიზაცია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ხერსონის რეგიონში“, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„ეს რუსული თამაშის წესების პროგნოზირებადი ნაწილია, რის გამოც ჩვენ განგაშის სიგნალს ვაგრძელებთ, განსაკუთრებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ცალმხრივი განკარგულების შემდეგ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემას დააჩქარებს. რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა დონეცკსა და ლუგანსკში 2019 წელს“, - განაცხადა პრაისმა.
„რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობებისთვის ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, რადგან პროტესტი გრძელდება და მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე“, - დაამატა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, კრემლი, ალბათ, თვლის, რომ ხერსონის იძულებით დაკავება რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან, ასევე, მოიპოვებს რაღაც ე.წ. გამარჯვებას და ეცდება, პუტინის მიერ არჩეული ომის გამართლებას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და სამხედროები წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.
მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან.