უნგრეთი კომუნისტური ეპოქის ინფორმატორებს ამხელს

უნგრეთის ახალი მთავრობა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს კომუნისტური ეპოქის ათასობით ინფორმატორის ვინაობას გაასაჯაროებს.


1945-დან 1989 წლამდე, საზოგადოებაზე თვალთვალისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად, უნგრეთის კომუნისტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ინფორმატორთა ფართო ქსელს იყენებდნენ. ზოგიერთს შანტაჟით აიძულებდნენ, ინფორმაცია მიეწოდებინათ მეზობლების, მეგობრების, კოლეგებისა და ოჯახის წევრების შესახებაც კი; სხვები კი სხვადასხვა პრივილეგიის მინიჭების დაპირების საფუძველზე გადაიბირეს.


ათწლეულების განმავლობაში, ამ ქსელის მასშტაბები საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ისტორიული არქივის სარდაფში დაცული „აგენტთა საქმეები“ საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი იყო.


უნგრეთში აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, პეტერ მადიარმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივების გასაჯაროების პირობა დადო.

„დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი წარსული,“ — დაწერა სოციალური ურთიერთობებისა და კულტურის მინისტრმა ზოლტან ტარმა Facebook-ზე.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, 4 ნოემბრიდან ხელმისაწვდომი ხდება ძირითადი საძიებო ბაზა, ხოლო 2027 წლის თებერვალში გასაჯაროვდება 9000-მდე ადამიანის უფრო დეტალური საქმეები ე.წ. „B-დოსიეები.“


„უნგრელ ხალხს უფლება აქვს, საკუთარი ისტორია იცოდეს,“ - განაცხადა მადიარმა. მან საზოგადოებას სიფრთხილისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდა. უნგრეთის პრემიერის თქმით, დოკუმენტებში შესაძლოა ადამიანებმა საკუთარი წინაპრების სახელები აღმოაჩინონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ფაილების გახსნამდე Facebook-ზე დაწერა, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს საიდუმლო პოლიცია მის გადაბირებას უშედეგოდ ცდილობდა, რის შემდეგაც, მასსა და მის ოპოზიციონერ მეგობრებზე მუდმივი თვალთვალი მიმდინარეობდა.