პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
მოხსენების მიხედვით, 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს და ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატებოდა.
„2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე წაიკითხეთ:
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა