გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ადვოკატები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, თუ მხარეებისთვის ყველა პირობა მისაღები იქნება.
ბრალდებულების მტკიცებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს მცხეთის გზატკეცილზე არ ყოფილან.
გოგშელიძე და წაქაძე მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. თუმცა მათი თქმით, მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონიათ და არც ინფორმაციას ფლობენ.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო იყო განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ასევე ე.წ. აგარაკის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა.
„ჩიქოვანმა აღნიშნული თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. თანახმაა, რომ დაკავებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება. ტექნიკურად თუ მოესწრო, დღესაც არის თეორიულად შესაძლებელი პროცესის ჩანიშვნა, თუმცა ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ სამივე დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე აღიარებენ მათთვის წარდგენილ ბრალს. დღის განმავლობაში გვეცოდინება, მოესწრება თუ არა დღეს სასამართლო სხდომის ჩანიშვნა. თუკი მხარეებისთვის ყველა პირობა იქნება მისაღები, მაშინ საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგება“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.