საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის.
„ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ, ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსიც არის ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია
- სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა.
„თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია, თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი.
ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირსა და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.