აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა.
აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC).
დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური მნიშვნელობის პროექტებად იქცა.
ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. „აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსებზე მოთხოვნამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. აზერბაიჯანი, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, ითვალისწინებს ამას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს TAP-ის პოტენციალის გაფართოებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაფართოების შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება და არის გაფართოების პოტენციალიც და პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, დრო არ უნდა დავკარგოთ. არა მარტო TAP-ს, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც და TANAP-საც სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.