„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ფორმაში, ალბათ, ვართ, რადგან დიდი ხანია ვემზადებით - სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის ოცნება.
„ეს არის არამხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოს აშენებდა ოცნება, არამედ დღეისთვის ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების 88%-ის ოცნება. ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება მთელი ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან ხედავს იმას, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, ისიც ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი შეთანხმება - ანულირებული. ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები - ევროკავშირიდან სესხის არ აღება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური მდგომარეობა და არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება.
„კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, - ამაზე შეიძლება, იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არამხოლოდ ის შეცდომები, ზოგადად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს.
ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზიზი იყო შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ერთ წელიწადში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს იქნება ასევე შეფასებული სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.