უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროპამ თავისი ერთიანობა უნდა გააძლიეროს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ერთიანობა, მათ შორის, უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და შემდგომში სრულფასოვანი წევრობით.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი იგრძნობს, რომ ევროპა სუსტია და შეუძლია, უკრაინა დატოვოს აუცილებელი გადაწყვეტილების გარეშე, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი კონტინენტისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაუსვა ხაზი ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის.

„პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო სფერო, საკვები, გარემო, მიგრაცია - არ არსებობს ჩვენი ცხოვრების ის სფერო, სადაც არ იყოს კატასტროფა, კრიზისი ან კატასტროფის საფრთხე რუსეთის ქმედებების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

„მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი კონტინენტი და ჩვენი ხალხი ყველაფრისგან, რაც დღეს გვემუქრება“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.