უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოკომპანია (უკრაინის სახელმწიფო საწარმო) Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა და ამერიკულმა კომპანიამ, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებლის Westinghouse Electric Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, უკრაინაში, ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა AP1000 ტექნოლოგიის გამოყენებით, 5-დან 9-მდე გაიზრდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება ახალი თაობის რეაქტორები უკეთესი წარმადობითა და მანევრირების რეჟიმში მუშაობის უნარით.
„ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ფლოტის მოდერნიზებას, რომლებიც გამოიმუშავებენ სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ენერგიას რუსული გავლენის გარეშე. მომავალში, უკრაინა შეიძლება, ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორი გახდეს ევროპაში", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.
მისი თქმით, Energoatom-სა და Westinghouse-ს შორის დადებული ხელშეკრულებები უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ნახშირბადისგან თავისუფალი მომავლისკენ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯია.
ასევე მიღწეულია შეთანხმება უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურისთვის ამერიკული საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ. საუბარია საწვავის მიწოდებაზე როგორც არსებული, ასევე, იმ ენერგობლოკებისთვის, რომლებიც თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინაში აშენდება.
გარდა ამისა, ორივე კომპანიამ დაადასტურა უკრაინაში Westinghouse-ის საინჟინრო ცენტრის დაარსების განზრახვა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში AP1000 ქარხნების მშენებლობას და ექსპლუატაციას, ასევე, უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სამომავლოდ გაუქმების პროგრამას.