ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს: ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. 

„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს,“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. 


დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.