რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგა მანანა ბერიკაშვილი იუწყება.

ბიოგრაფიული ცნობები რეჟისორის შესახებ:

დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.

1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.


1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი.

1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“, სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის.

თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).