უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპორიჟიეს რეგიონში ფრონტისპირა ადგილს ეწვია და ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებულებს შეხვდა. ზელენსკის თან ახლდნენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი იერმაკი და ზაპორიჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლექსანდრ სტარუხი.
„მესმის, რომ ყველას სურს სახლში დაბრუნება. და ეს საცხოვრებელი, რაც არ უნდა კომფორტული იყოს, ვერ შეედრება საკუთარ სახლს. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავათავისუფლებთ ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქს. ეს აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზაპორიჟიეს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა. ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს გაესაუბრა და მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დიდი შრომისთვის, სამსახურისთვის, ყველას, ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.