აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებას აპირებს.
„რუმინეთის სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამ კუთხით შავი ზღვა უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა არა მხოლოდ რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი პროექტების განვითარებისთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის“,- აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით.
„ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.