ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხათუნა სამნიძის თქმით, ამ დროისთვის, ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება.

„თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ მედიასთან.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

თავის მხრივ, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა გინება.

„პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“ ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა, ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.