ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან.
„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული.
ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას.
რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის.
ასევე მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო ბოლლო 9 წელია, გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში კი, ყველა პარამეტრით, საქართველო „უპირობო ლიდერია“.
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ამბციურ გეგმებს, რომელიც 9 წლის წინ დავისახეთ, გეგმაზომიერად ვასრულებთ. უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ასეთი გამოწვევა არ ჰქონია, ევროპის შუა გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში ევროპაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არამარტო უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ბუნებრივია, ამ რეალობაში არსებობს ზოგადი სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში. მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომლებიც უკავშირდება ომს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ შევიარჩუნეთ მშვიდობა, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება ევროპელი კოლეგების სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას.
ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.