საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით აქვთ კონკრეტული ხედვები და რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა.
„ცოტა ხნის წინ, შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა, პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ევროინტეგრაციის პროცესზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
„„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული.
ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - დაამატა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.