ილია მეორე: ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი

ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში.

პატრიარქმა ახალი წელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსა და ყოველ ადამიანს მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ.

„ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდეთ და ჰპოვოთ. ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ“.

ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი. ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი.

„ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი.

გილოცავთ, ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს! იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!“, - განაცხადა ილია მეორემ.