საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან - 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„მხარეები მიესალმნენ ურთიერთნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ახლო და მეგობრულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი, რომელიც მიმდინარე წელს სრულდება და გამოხატეს მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა მეტად მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის საჭიროებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყნის, მრავალწლიანი თანადგომა საქართველოსადმი ევროპული რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, შვედური მხარის ფართო ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
შვედეთის ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის უპირობო თანადგომის გაგრძელება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისადმი”,- აღნიშნავენ უწყებაში.