ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი

საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს და განცხადების პროექტს აქვეყნებს.

"პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადების პროექტში.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.


მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“.


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.