ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს

ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

პროექტი ასევე მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება, შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით.

EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად.

რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში.

რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი მოუწდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით.

მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია.

რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა.

წყარო - რადიო თავისუფლება