კომპანია Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა.
კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.
აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.
კომპანია Facebook-ში აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ.
„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.